სტოლტენბერგი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით შეშფოთებულები ვართ
პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მისამართით მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით შეშფოთებულია. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
სტოლტენბერგმა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
"საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ვაღიარებთ, ხოლო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვთვლით. შეშფოთებულები ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. არსებითი პაკეტი გვაქვს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
დღეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელმა. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებამდე ბორდერიზაციის პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.
11 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი კიდევ სამ ქართულ სოფელზე მონიშნეს.ამჯერად ე.წ. საზღვრის მიღმა ქარელის რაიონის სოფლები - კნოლევი, ცერონისი და ავლევი მოხვდნენ. მანამდე, 4 ივლისს მათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე წინა დღეს დადგეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა.




