www.imedi.ge
კრისტიან დანიელსონი: სამწუხაროდ, დღეს მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი
პოლიტიკა

კრისტიან დანიელსონი
ფოტო: Twitter
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. შვედი დიპლომატის თქმით, მისი შეთავაზებები არცერთი პარტიისთვის მისაღები არ იყო. დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება.
„სამწუხაროდ დღეს მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი. ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯები და როდის გადაიდგმება ისინი“, - განაცხადა დანიელსონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების და ასევე ძალაუფლების გადანაწილების საკითხებში გარკვეული თანხმობა დაფიქსირდა და ამ მხრივ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12-19 მარტს გაიმართა. 22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციას გააგრძელებს.




