ნინო არღვლიანი
ციხელაშვილი: რუსეთის ქმედებები გამოწვევაა მთელი რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის
პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი
ფოტო: ნინო არღვლიანი
„საოკუპაციო ხაზთან შექმნილი მდგომარეობა არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონის და ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციას ბოლო წლების განმავლობაში, რომელსაც აქვს პერიოდულად ისეთი გამოვლინებები, როგორიც არის ბანერების, მავთულხლართების, თუ ბარიკადების აღმართვა საოკუპაცია ხაზის გასწვრივ. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ ეს არის ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც პრობლემები ექმნება მიწაზე წვდომის, ოჯახებთან კონტაქტის, სალოცავებზე და სასაფლაოებზე გასვლის. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსდაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონის და ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომელიც ამ ბანერების უკანაა განთავსებული. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, დეოკუპაციას მოიცავს, ძალიან პრინციპულია. ციხელაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ეს გულისხმობს საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ და ძალიან მტკიცე მობილიზებას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ და დეოკუპაციის ამოცანების ირგვლივ. „ჩვენი ყველა შეხვედრის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში გახლავთ სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.





