ოცნებამ საშემოდგომო სესიაზე, შესაძლოა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს
პოლიტიკა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn წერს.
დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო პროექტის უკან დაბრუნება გამორიცხულია. "შემოდგომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მივიღებთ. არის პროცედურულ-სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ კონსენსუსის შემთხვევაში ცვლილებები აისახოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდი კონსენსუსთან დაკავაშირებით წინადადებებს ოპოზიციისგან ელის.
დღეს არსებული კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები სესიებს შორის, მინიმუმ სამთვიანი ინტერვალით უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტმა არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია, მესამე მოსმენტით ოქტომბერში უნდა დაამტკიცოს.
სააგენტო ipn-ს ცნობით, ამ კონტექსტში ერთ-ერთ თეორიულ ვარიანტად პრეზიდენტის ვეტოს მექანიზმის გამოყენებაც განიხილება - კერძოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში, გაზიარებული იყოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციისთვის შეთანხმებული საკითხები იქნება წარდგენილი.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონსენსუსის მიღწევისკენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მოუწოდებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევის მიზნით პოლიტიკურ პარტიებს შეხვედრას სთავაზობს. გუშინ პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა.
კონსენსუსის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ".
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს "ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული ერთპარტიული პროექტის" შეჩერებაში ხედავს.





