კონსული: საქართველოდან ისრაელში მიგრანტების რიცხვი შემცირებულია
პოლიტიკა

შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან ისრაელში არამიზნობრივად მოემართებიან და შესაბამისად, ისრაელში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელიც შემცირებულია. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს კონსულ ალექსანდრე ჯიშკარიანზე დაყრდნობით, ipn ავრცელებს.
როგორც კონსულმა განმარტა, ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანასთან.
„წლის დასაწყისში გვქონდა ძალიან მძიმე სიტუაცია. ძალიან ბევრი ადამიანი მოემართებოდა და სწორედაც რომ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავდნენ ისრაელს. მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, მარტის თვეში ინერციით გაგრძელდა სირთულეები, მაგრამ რაც შეეხება აპრილს და მაისს, ჩვენ გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი რესურსებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვახორციელებთ მონიტორინგს, რა პროცესები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკლებულია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც არამიზნობრივად მოემართებიან ისრაელში და შესაბამისად, უარის თქმის მაჩვენებელი შემცირებულია“, აცხადებს კონსული.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, ისრაელში საქართველოდან 18437 ადამიანი შევიდა, უკან კი 14327 დაბრუნდა. საზღვარის გადაკვეთაზე უარი ეთქვა 3974 ადამიანს, 304-ს კი დეპორტი შეეხო.





