კვირიკაშვილი ინდოეთის მოქალაქის საზღვრიდან გაბრუნების ფაქტს ეხმაურება
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებულ ინდოეთის მოქალაქის ამბავს ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას მიესალმება, მაგრამ სახელმწიფო უწყებებს ამა თუ იმ ვიზიტორისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის უფლება აქვთ.
"ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებენ უარის გადაწყვეტილებას. ასეთი შემთხვევები ერთეულია და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ქვეყანაში ასეთ უწყებებს არ აქვთ ვალდებულება, ისაუბრონ კონკრეტულ მიზეზებზე, რატომ ითქვა უარი ამა თუ იმ მოქალაქის შემოსვლაზე. საქართველო არის ძალიან ლიბერალური ამ მიმართულებუთ და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მიმართულებით არსებული დადებითი დინამიკა, რომელიც გაგვაჩნია. ამისთვის ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ მივესალმებით ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, აზიიდან და ა.შ. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფო უწყებებს გააჩნიათ ძალიან მკაფიო დისკრეცია, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ისინი ამას ახორციელებენ, როდესაც ამის საჭიროება დგება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
4 ივლისს, ინდოეთის მოქალაქემ Facebook-ზე პოსტი დაწერა, რომელშიც თბილისის აეროპორტის თანამშრომლები რასიზმში დაადანაშაულა.
ქუშბუ კაუშალის თქმით, ინდოეთში მას უთხრეს, რომ მისი საქართველოში არშეშვების მიზეზად, ქართული მხარე ყალბი საბუთებისა და მოგზაურობის მიზეზის ვერწარდგენას ასახელებდა, თუმცა, მისი თქმით, მისი საბუთები კანონიერი იყო და არ ესმის, პასპორტის კონტროლის შემდეგ გავლილი გასაუბრების შემდეგ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ოფიცერმა.
მომხდარზე კომენტარი შსს-მაც გაავრცელა. პოლიცია უარყოფს, რასიზმის ფაქტის გამოვლინებას.





