ანა შეპკინა
გასაუქმებელ თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატებს არეგისტრირებენ
პოლიტიკა

გორის საოლქო კომისიას ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის საზღვრებში შექმნილ ოლქებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა მერისა და გამგებლის დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაციისთვის მიმართეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო თვითმმართველი ქალაქის - გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, დადგენილება ძალაში ჯერ არ შესულა. აქედან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე ოლქები ცალ-ცალკე შექმნა.
„მოქალაქეებმა, რომლებიც არ ვეთანხმებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქ გორისა და გორის სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ კონსტიტუციით და „საარჩევნო კოდექსით“ მონიჭებული შესაძლებლობა და ქალაქისა და თემის საზღვრებში შექმნილ ოლქებში დამოუკიდებელი კანდიდატების წარსადგენად რეგისტრაცია გავიაროთ. დადგენილება ამ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ ამოქმედებული ჯერ არ არის, ამიტომ საოლქო კომისიას არ აქვს უფლება, რეგისტრაციაზე უარი გვითხრას. იმედი გვაქვს, კომისია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეგისტრაციაში გაგვატარებს,“ - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
საინიციატივო ჯგუფები ქალაქ გორის მერობის კანდიდატად გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ჩიტაძის, ხოლო გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატად გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ თედლიაშვილის წარდგენას გეგმავენ.





