უმრავლესობა შერეული საარჩევნო სისტემის შესახებ უმცირესობის შეთავაზებულ ვარიანტზე კომენტარს არ აკეთებს
პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უმცირესობა ”ქართულ ოცნებას” მაჟორატარული მანდატების შემცირების ხარჯზე პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის გაზრდას და 2020 წლის არჩევნების ერთჯერადად, ამ ფორმით ჩატარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო კონსენსუსი შედგეს.
"ჩვენი ოპონენტების თითოეული განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი კონსენსუსთვის მზად არ არიან. ჯანი ბუკიკიოს ბოლო განცხადებებში აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ კონსენსუსის მიღწევაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს და ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის... საკონსტიტუციო კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინადადებათა 70%-ზე მეტი... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო კონსესუსი შედგეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სააგენტო წერს, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა შერეულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლითაც ”ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, უმრავლესობას საკუთარ ვარიანტს სთავაზობს. ლაპარაკია ”ევროპული საქართველოს” წინადადებაზე, რომელიც თითქოს მზად არის 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას იმ პირობით დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორატარული მანდატების რაოდენობა შემცირდება და პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.
უმცირესობის ხელისუფლებისადმი წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან უკან დაბრუნდეს და მიღებული იყოს იმ ცვლილებით და შეთანხებით, რომ ერთჯერადად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, თუმცა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების შეცვლილი პროპორციებით.
გავრცელებულ ინფორმციას არ ადასტურებს სერგო რატიანი. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არ განიხილავს ვარიანტს, მაჟორიტარების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნაა, რომ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეთ. ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნება“ როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას ატყუებდა. ბოლოს თავის მიერ დეკლარილებული სისტემაც კი უარყო. ჩვენ დღეს პროპორციულ სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის ვსაუბრობთ, ამაზე მთელ პოლიტიკურ სპექტრში სრული შეთანხმებაა“, - განაცხადა რატიანმა.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 22 ივნისს, ხოლო მეორე მოსმენით 23 ივნისს, ერთპარტიულად მიიღო.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტის დროს, ბუკიკიომ მიღებული ცვლილებები რამდენჯერმე გააკრიტიკა: "მათ ვუთხარი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.





