ანი სარჯველაძე
ნარმანია: ელიავას ბაზრობის განვითარების გეგმა უახლოეს მომავალი ცნობილი გახდება
პოლიტიკა

დავით ნარმანია
"სამომავლოდ როგორი იქნება ელიავას ბაზრობის ტერიტორია უცნობია, თუმცა გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი."- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი განმარტებით, შედგა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარების პირველადი ვარიანტის საჯარო განხილვებიც მალე დაიწყება. ამასთან, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთი მფლობელის მიერ შემუშავებული გეგმაც არსებობს, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოშია განსახილველად გადაგზავნილი.
რაც შეეხება გამოძიებას, დედაქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე საპროცესო კანონდებლობით დადგენილი წესებით მიმდინარეობს და სასურველია გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციური მოსაზრებებისგან თავის შეკავება, რადგან რეალურად ხანძარი რამ გამოიწვია უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, 30-მდე სახანძრო მანქანა, 150-მდე მეხანძრე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.
შემოსავლების სამსახური მზად არის, დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწეროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.





