თეონა გიორგელაშვილი
ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულები საკუთარ მაღაზიებს ათვალიერებენ
პოლიტიკა

ფოტო: თეონა გიორგელაშვილი
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები სამართალდამცველებმა საკუთარ მაღაზიებში შეუშვეს.
დაზარალებულები დილიდან ცდილობდნენ ტერიტორიაზე შესვლას, მათმა ნაწილმა კი პოლიციელთა კორდონის გარღვევა მოახერხა და ტერიტორიაზე შეიჭრა.
დღეს ელიავას ბაზრობაზე დამწვარი შენობის მოპირდაპირედ მდებარე მაღაზიების თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რადგან ქუჩა გადაკეტილი იყო და მყიდველებს დაუმწვარ მაღაზიებში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. ელიავას ბაზრობის დირექტორის გოჩა ხეცურიანის განცხადებით, ეს პრობლემა გადაჭრილია და ქუჩა უკვე გაიხსნა.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისის საღამოს გაჩნდა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, 30-მდე სახანძრო მანქანა, 150-მდე მეხანძრე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ბაზრობის წინ უდუმაშვილი და ზავრადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.
შემოსავლების სამსახური მზად არის, დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწეროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.





