კვირიკაშვილი ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლების და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისთვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.
საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-ს და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავის და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე, ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას", - წერია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FKvirikashviliOfficial%2Fposts%2F480552728956423&width=500" width="500" height="524" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowTransparency="true"></iframe>





