ელიავას ბაზრობის ხანძრით დაზარალებულები: ჩვენი ნივთები მთლიანად დამწვარია
პოლიტიკა

ელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობის ხანძრით დაზარალებულები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დამწვარ ტერიტორიაზე შეუშვეს, აცხადებენ, რომ მათი ნივთები მთლიანად დამწვარია. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
ელიავას ბაზრობაზე, დამწვარ ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის ინგა გუჯაბიძის თქმით, მისი ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა. გუჯაბიძე ამბობს, რომ ის ავტოაქსესუარებითა და საღებავებით ვაჭრობდა, რაც დაზღვეული არ ჰქონდა.
ინგა გუჯაბიძის თქმით, პირველ სექტორში, სადაც მისი მაღაზია მდებარეობდა, კიდევ 6 მაღაზიაა დამწვარი.
ელიავას ბაზრობის დამწვარ ტერიტორიაზე 2 საათის წინ მაღაზიების მფლობელებს შესვლის უფლება მისცეს. პირველ ეტაპზე შეიყვანეს მეოთხე სექტორის მაღაზიების მეპატრონეები. ეს ის სექტორია, რომელსაც ხანძარი ნაკლებად შეეხო, თუმცა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოს დროს სახურავი დაზიანდა და ობიექტები დაიტბორა.
მეოთხე სექტორში მდებარე მაღაზიების მფლობელები დილიდან ითხოვდნენ, რომ საკუთარ ობიექტებზე შესვლის ნება მიეცათ. მათი განცხადებით, წვიმის შემთხვევაში, გადარჩენილი პროდუქცია განადგურდება, ამიტომ ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დაიცალოს.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად განადგურებულ ნაწილს, იქ შესვლა კვლავ შეზღუდულია.
ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, 30-მდე სახანძრო მანქანა, 150-მდე მეხანძრე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლის ლოკალიზება 3 საათში მოხერხდა. დაშავდა 1 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოება დაცული არ იყო.
ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. უდუმაშვილი და ზავრადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ იყო.
შემოსავლების სამსახური მზად არის, დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწეროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.




