ნარმანია: ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა
პოლიტიკა

დავით ნარმანია
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე ბიზნესის დიდი ნაწილი, ისევე როგორც "ბავშვა სახლში", დაზღვეული არ ყოფილა. ამის შესახებ ნარმანიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.
"იდეალური სიტუაციაა რასაკვირველია, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ამ ბიზნესის ძირითადი ნაწილი. ცალსახად იმის თქმა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები", - თქვა ნარმანიამ.
ნარმანიამ სახანძროს მუშაობაც შეაფასა და განაცხადა:
"შეტყობინების შემოსვლიდან რამდენიმე წუთში სახანძრო-სამაშველო ბრიგადები უკვე ადგილზე იყვნენ. რომ არა ოპერატიული რეაგირება, ზარალი რა თქმა უნდა მეტი იქნებოდა", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე საათის წინ ძლიერი ხანძარი იყო. იწვოდა 2500 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია. თავდაპირველად ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 150-მდე მეხანძრე და 30-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მცირე კერების ჩაქრობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების შემდეგ ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი. ადგილზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილიც. უდუმაშვილი და ზავრადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხანძრით დაზარალებულების შესახებ განცხადება გააკეთეს შემოსავლების სამსახურშიც, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან დაზარალებულებს ზარალი ჩამოაწერონ.




