„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე არ იქნებიან
პოლიტიკა

ფოტო: ქართული ოცნება
16 იანვარს „ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, თუმცა საბჭოს შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან საბჭოს მოქმედი წევრები დავით საგანელიძე, ერეკლე ტრიპოლსკი და ილია ნაკაშიძე. ინფორმაციას ამ ეტაპზე მხოლოდ ილია ნაკაშიძე ადასტურებს.
უქმდება პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობაც, რომელსაც ახლა გია ვოლსკი იკავებს, თუმცა თავად გია ვოლსკი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, პოლიტსაჭოს წევრები იქნებიან კახა კუჭავა, შალვა პაპუაშვილი, თეა წულუკიანი და ნიკოლოზ სამხარაძე. საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრები დღეს მხოლოდ ყრილობის გეგმებსა და ირაკლი კობახიძის კანდიდატურაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაუქმდება პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოზიცია, რომელსაც გიორგი ვოლსკი იკავებს, თუმცა ის პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება.
„ირაკლი კობახიძე ღირსეული ადამიანია და მინდა, მას წარმატება ვუსურვო. მას შემდეგ, რაც ის პარტიაში მოვიდა, მასთან ერთად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ პარტიის გაძლიერების მიმართულებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი პარტიული სტრუქტურა აქვს და ამაში ირაკლი კობახიძის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, იქნებიან ახალი სახეები, ხოლო ვინ იქნებიან ისინი, ყრილობაზე გახდება ცნობილი“, - აცხადებს პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე საუბრისგან თავს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანიც იკავებს.
„ძალიან მიხარია, რომ პარტია თავმჯდომარე გახდება ირაკლი კობახიძე, რომელსაც წარმატებით მიჰყავდა წინასაარჩევნო შტაბის საქმიანობა. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს წევრებს, ამის შესახებ ყრილობის დღეს გახდება ცნობილი“, - განაცხადა წულუკიანმა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელიც შაბათს გახდება ცნობილი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.




