ლევან ჩუგოშვილი
ბუკიკიო: ოპტიმისტურად ვარ, მაგრამ იმედი ისევ გამიცრუვდება თუ კომპრომისი არ იქნება
პოლიტიკა

ჯანი ბუკიკიო
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოში 2-დღიანი ვიზიტი შეაჯამა. ჯანი ბუკიკიომ "იმედთან" იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც იმედგაცრუებული იყო, თუმცა ვიზიტის დასასრულს ბუკიკიო ამბობს, რომ საქართველოს ოპტიმისტურად ტოვებს.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გამივრუვდება იმედი, თუ კომპრომისი არ იქნება. მხარეებმა თითო ნაბიჯი რომ გადადგან, მოხერხდება შუალედური პოზიციის გამონახვა. მე არაერთი შეხვედრა გავმართე, ჩემი აზრით, არსებობს საუძველი შესაძლო კომპრომისისთვის. გუშინ მე მხარეებს დიალოგისკენ მოვუწოდე, ისინი ერთმანეთს უნდა ესაუბრონ. კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტი როგორც ადრე აღვნიშნე იყო ძალიან კარგი. მას გარკვეულწილად სჭირდებოდა გაუმჯობესება, მაგრამ ზოგადად დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო უფრო დემოკრატიული კონსტიტუციის მისაღწევად. ამას მოყვა ცვლილებების გადავადება და გამოიწვია პოლიტიკურ პარტიებს შორის კრიზისი. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან ინტენსიური შეხვედრების შემდეგ, ვფიქრობ, რომ არსებობს საფუძველი კომპრომისისთვის,"- განაცხადა ბუკიკიომ.
ამასთან, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. მისი თქმით, ვენეციის კომისიის მესიჯია ის, რომ ყველა მხარე ესაუბროს ერთმანეთს.
„ვიმეორებ, რომ კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს. ეს არის ჩემი მესიჯი: ყველა მხარე კონსტრუქტიული უნდა იყოს, უნდა ესაუბრონ ერთმანეთს და შეეცადონ კომპრომისს მიაღწიონ“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიმ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ბლოკირებულია. ამის მიზეზად კი ბუკიკიო კონსტიტუციის პროექტზე კონსენსუსის არარსებობას ასახელებს.
პრეზიდენტამდე ბუკიკიო პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა თქვა: "მათ ვუთხარი, რომ მსურს საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მთელ პარლამენტს უნდა მიეღო და არა მხოლოდ უმრავლესობას", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული შეფასება გუშინაც გააკეთა. მან პროცესებთან დაკავშირებით თქვა: "დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი ძალიან იმედისმომცემი იყო", - განაცხადა ბუკიკიომ.
ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.





