ნიკოლოზ სამხარაძე: პირველი ინიციატივა რომელიც პარლამენტში შემოვა, იქნება რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: IMEDI ვიდეო/კადრი
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია, საგარეო პოლიტიკის შესახებ, - ეს განცხადება დღეს საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.
„ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დეოკუპაცია. ამ მიზნით მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის დამყარებასა და დეოკუპაციაში“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ძალებს არ დაიშურებს, რომ ამ საკითხების გადაწყვეტისას ხელშესახები შედეგები მიიღოს. „ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს კონსტიტუციურ ამოცანას და ქართველი ხალხის არჩევანს. აქედან გამომდინარე, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება განახლებული ენერგიით,შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს“, - აღნიშნა სამხარაძემ.





