შალვა პაპუაშვილი: შეუძლებელია, ჩვენს მოქალაქეებს ავკიდოთ ვალდებულება, აფინანსონ დემოკრატიული სივრციდან გასული პარტიები
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: Imedi.ge
ჩვენ მომხრე ვართ, პარლამენტი იყოს პლურალისტური, რაც შეიძლება - მრავალპარტიული, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათლად დავადასტუროთ ხოლმე ჩვენი მიდგომები, ჩვენი პოლიტიკის უპირატესობები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. მათ შორის, ეს მოლაპარაკებებიც აჩვენებდა, რომ ყველანაირად ვცდილობთ, დავარწმუნოთ ოპონენტები, რომ არჩევნების შედეგებში მოქალაქეთა ნებაა ასახული. თუკი ამაზე შევთანხმდებით, შესაბამისად, ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ერთი მხრივ, გვინდა, მივცეთ ყველანაირი შესაძლებლობა და მეორე მხრივ, თუკი ესაა საბოლოო გამიჯვნა დემოკრატიული პროცესებისგან და ინსტიტუტებისგან, ამაზეც არ უნდა დავხუჭოთ თვალი და ესეც სათანადოდ შეფასდეს. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული, ამაზე ყველა თანხმდება, გარდა რამდენიმე პარტიის თუ პოლიტიკოსის, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიული სივრციდან გასვლასთან, პარლამენტის საბოტაჟთან. როდესაც მოქალაქეები ბიუჯეტში იხდიან თანხას იმისთვის, რომ პარტიული სისტემა განვითარდეს, შეუძლებელია, ჩვენს მოქალაქეებს ავკიდოთ ვალდებულება, რომ მათ აფინანსონ დემოკრატიული სივრციდან გასული პარტიები. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ პარლამენტი იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მიღებული მანდატებით შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ თუ ისინი ზურგს აქცევენ თავიანთ ამომრჩეველსა და დემოკრატიას, რა თქმა უნდა, ამას ასე მარტივად ვერ შევეგუებით“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტიდან ჯამში, წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ.





