ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმართება
პოლიტიკა

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იწყება. მხარეები ამ წუთებში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იკრიბებიან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, შედგება თუ არა შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის.
სავარაუდოდ, ეს დიალოგის ბოლო რაუნდია, ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. შეხვედრას ხელისუფლებიდან პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე წარმოადგენენ.
ოპოზიციის ნაწილი დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებენ, რომ კომპრომისის გამონახვას შეძლებენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული.
„ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ შეხვედრიდან, ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ შეხვედრაზე. გვექნება ბევრ საკითხზე საუბარი, თუმცა რაიმე კომპრომისზე ჯერ ადრეა, ამ შეხვედრით რომ არ დამთავრდება ეს ფაქტია. ეს ილუზია იმედია, არავის აქვს“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით კი, ოპოზიციის სურვილია, პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს.
შეხვედრამდე ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა გასაჯაროვდა. მოთხოვნები მათ ქართულ ოცნებას , ფასილიტატორი ელჩების საშუალებით წარუდგინეს. პუნქტებს შორისაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პლებისციტი.
საპასუხოდ სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ კონსენსუსის საგანი ვერ იქნება ისეთი არა ლეგიტიმური მოთხოვნები, როგორიცაა ვადამდელი, რიგგარეშე არჩევნები, ასევე პლებისციტი, ვინაიდან მათივე თქმით ამ მოთხოვნებს რეალური და სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს.





