დავით ზალკალიანი: ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ ჩარჩოებში დაბრუნების მომხრეა
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი
ფოტო: IMEDI
ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ ჩარჩოებში დაბრუნების მომხრეა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„აბსოლუტურად ვიზიარებ ეუთოს განცხადების პათოსს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შედის რვა ოპოზიციური პარტია, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარდა არჩევნები, რომელიც იყო უფრო პროპორციული, ვიდრე მაჟორიტარული, ჩატარდა არჩევნები, სადაც იყო გათვალისწინებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, გასწორდა მთლიანად სამართლებრივი ჩარჩო, ახალი კანონმდებლობა შეიქმნა და ოპოზიციას ასეთი რაოდენობა პარლამენტში არასდროს ჰქონია. ეს არის მათთვისაც კარგი შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში და პარლამენტი არის სწორედ ის ინსტიტუტი, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ყველა პრობლემაზე, მათ შორის იმ ხარვეზებსა და მის გამოსწორებაზე, რომელზეც ჩვენი პარტნიორებიც მიუთითებენ. ეს არის ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადით, საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი პია კაუმა აცხადებს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.





