გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის გეგმის მიხედვით, პოლიციას ასობით ადამიანი უნდა დაეჭირა, მთავარი ამოცანა სისხლისღვრა უნდა ყოფილიყო
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველამ ერთ ხმაში, სახალხო დამცველის ჩათვლით, დაწყო საუბარი, რომ რა საჭირო იყო წყლის ჭავლი, იქ უნდა მომხდარიყო იმ პიროვნებების დაკავება, რომლებიც არღვევდნენ კანონს და შეჭრას ცდილობდნენ ცესკო-ში, სადაც ბიულეტენები ინახება, ანუ სახელმწიფო სტრუქტურაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ 8 ნოემბერს ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა ელოდებოდა, რომ პოლიცია შევიდოდა ფიზიკურ დაპირისპირებაში კონკრეტულ ადამიანებთან და დაკავების პროცესში ისინიც დაუპირისპირდებოდნენ პოლიციას და იგეგმებოდა ის, რაც პოლიციამ ჩაუშალა. პრაქტიკულად წყლის ჭავლი არის საშუალება, როდესაც ადამიანს დისკომფორტი უნდა შეუქმნას და გასცილდეს იმ ადგილს, სადაც ის აპროტესტებს და კანონის დარღვევის აშკარა ფაქტები არსებობს, თორე სადისტური მეთოდი თქვენ ნახეთ როგორიც არის, გინდა 26 მაისს, გინდა 7 ნოემბერს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ 100-200-300 კაცი პოლიციას უნდა დაეჭირა და შესულიყო ხელჩართულ ბრძოლაში, ანუ სააკშვილის გეგმის რეალიზაცია უნდა მოეხდინა, როდესაც სისხლი აუცილებლად უნდა დაიღვაროს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.
ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.




