აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან ღობე მოარღვიეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მყოფმა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ წყლის ჭავლი მეორედ გაუშვა.
მანამდე დემონსტრანტებმა ღობე მოარღვიეს, რომელიც მათ და სამართალდამცველებს ჰყოფდათ. წყლის ჭავლის გამოყენებამდე აქციის მონაწილეებს სპეციალური ტექნიკიდან ხმოვანი შეტყობინებით დაშლისკენ მოუწოდეს და წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ გააფრთხილეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 8 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი მანამდე გამოიყენეს, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.





