ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი, გვარამია, ჭანკოტაძე და შაშკინი საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ვერ განახორციელებენ, ამისთვის მათ არც სუფთა წარსული ეყოფათ და არც გონებრივი შესაძლებლობები
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
როდესაც საუბარია რევოლუციურ სცენარზე, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა და აქედან გამომდინარე ლოგიკური იქნება თუ სხვა სამართლებრივ ზომებს მიიღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვერც სააკაშვილი, გვარამია, ჭანკოტაძე და ვერც შაშკინი საქართველოში რევოლუციურ სცენარებს ვერ განახორციელებენ, ამისთვის მათ არც სუფთა წარსული, ხალხის მხარდაჭერა და არც გონებრივი შესაძლებლობები არ ეყოფათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე საოლქო კომისიებთან არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ეს აჩვენებს ოპოზიციის დაბალ პოლიტიკურ კულტურას, რაზეც მიანიშნებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია საქართველოში პოლიტიკური კულტურა. როდესაც ხდებოდა ხმების გადათვლა, რაც, შეგახსენებთ, არის უპრეცედენტო მოვლენა ქართულ საარჩევნო ისტორიაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ხმების გადათვლის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ნაცვლად კონსტრუქციული მიდგომის გამოვლენისა, ამ პროცესის პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ატარებენ აქციებს, რაც არის მიუღებელი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირკალი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,18%; „ევროპული საქართველო“ - 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.




