http://imedi.ge/
ცესკო: საჩივრების წარდგენა გრძელდება, თუმცა სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
ცესკოში საჩივრების წარდგენა გრძელდება, თუმცა პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს, ობიექტურად შეაფასონ მიმდინარე პროცესები, რაც საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას აგვარიდებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 საარჩევნო კომისიაში გადაითვალა შედეგები, 13-ში - საჩივრების საფუძვლებზე, ხოლო ორში - საკუთარი ინიციატივით.
11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად ცნეს სამი გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები, ხოლო 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები. 8 შემთხვევაში კი მონაცემები უცვლელი დარჩა.
„რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა იციან სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთნ, მათ ყველას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას, მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.
აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.





