ცესკო: სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს
პოლიტიკა

ფოტო: ცესკო
ცენტრალურ საარჩევნო კომისია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია.
ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის თქმით, სოციალურ ქსელში შექმნილია დაფინანსებული გვერდი - „გაყალბებული ოქმები“, რომელიც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს და მოუწოდებენ მოსახლეობას არ აყვნენ, ამ პლატფორმის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ფაქტების გადამოწმების გარეშე.
„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები დ ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის, 22, 58, 68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს, კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი - „გაყალბებული ოქმები“. ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ.





