Imedi.ge
„ლელო“ დეპუტატის მანდატებზე უარს ამბობს
პოლიტიკა

ფოტო: მაკო ლორთქიფანიძე
ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ნამდვილად გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწვეტილებას და ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლასა და საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაყალებებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ნამდვილად ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგები არ გამოიწვევს არც ერთ კითხვის ნიშანს“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.





