http://imedi.ge/
ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში - 3657 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნები გაიმართება ავღანეთშიც, ქართველი სამხედროების ხმებს ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) დაითვლიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 511 853 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ტარდება. ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით (77-ის ნაცვლად), მაჟორიტარული წესით კი 30-ს (73-ის ნაცვლად) აირჩევს. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვალა. აგრეთვე, დაწესდა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
დღეს, პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 დეპუტატია. 18 პროპორციული წესით, სამს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ.





