ირაკლი ღარიბაშვილი: კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე, ეს არის დავით გარეჯის საკითხი
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ არხზე“ გადაცემაში „კიდობანი“ განაცხადა.
მან კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
„უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელიც მეორე სახელმწიფოს კომისიასთან მუშაობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს იქმნება უმაღლესი ხელისუფალის მიერ. იმ შემთხვევაში იყო პრეზიდენტის მიერ შექმნილი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, სააკაშვილმა შემდეგ განაახლა... კომისიამ შეათანხმა დაახლოებით 66% შეუთანხმებელი საზღვრის. მას შემდეგ, რაც 100% იქნება შეთანხმებული საზღვრების, ამის შემდეგ მიდის მთავრობაში, პრეზიდენტი აწერს ხელს და უგზავნის პარლამენტს, რომ მოახდინოს რატიფიცირება. მიდის აქ ხმაური, კომისიამ რა შეათანხმა, არაფერი შეთანხმებული არ არის... ეს არის ტყუილი, რადგან კომისიამ შეათანხმა, ვისთან? მეორე მხარესთან - აზერბაიჯანთან, ხელმოწერებით. ეს მოგონილი ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტყუილ-მართალი აურიონ, მცდარი დისკურსი შემოიტანონ საზოგადოებაში, ხალხი დააბნიონ, რომ რა რუკები, კარტოგრაფების საქმე. კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.





