თორნიკე მამალაძე: სანამ არ მიგვიღებენ, საპატრიარქოსთან მამაოს შვილებთან ერთად ვიდგები
პოლიტიკა

თორნიკე მამალაძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში ჩამოსვლასა და „საპატრიარქოსთან განთავსებას“ გეგმავს. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
მამა გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, ოჯახი დღეს საპატრიარქოდან პასუხს კიდევ დაელოდება, ხვალ ან ზეგ კი, ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები თბილისში, საპატრიარქოსთან ჩამოვლენ და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ.
„დავდგებით, ვიდრე არ მიგვიღებენ. ხვალ ან ზეგ, უკვე უკიდურეს ზომას მივმართავთ. საპატრიარქოსთან მამაოს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დავდგებით მანამ, სანამ არ მიგვიღებენ. ოჯახში 10 ადამიანი ვართ. დაპირებები არის ყოველ დღე, მაგრამ კონკრეტული დღე რომ მოვა, იმ დღეს დამირეკავენ და მეუბნებიან, რომ პატრიარქი ან შეუძლოდ არის, ან სხვაგან მიდის”, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
დეკანოზის ოჯახი პატრიაქრთან შეხვედრას, მამა გიორგის დაკავების შემდეგ ითხოვენ.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





