გრიგოლ ვაშაძე: გიგა ბოკერია ახლა ისე მაინტერესებს როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი
პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: ხათუნა მაისურაძე
„გიგა ბოკერია ახლა ისე მაინტერესებს, როგორც ტანზანიაში სორგოს მოსავალი“, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ტვ. „პირველის“ ეთერში გააკეთა.
„მე ვლაპარაკობ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე და იმაზე რაც მოქალაქეს აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს კი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური აქტორისგან უნდა, გაიგოს, რომ (ამომრჩევლის) სოციალური შეკვეთა გაითავისა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, მას არ აინტერესებს რაზე ილაპარაკებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. „რა განცხადებებს გააკეთებენ, ეს მე ამ წუთში, წარსულში და მომავალში… ყველაზე ნაკლებად ამაღელვებს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს. ძალიან ბევრი ადამიანის განცხადებები მახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დროს და შემდეგ, რაც უნდათ ის განაცხადონ, მათი კონსტიტუციური უფლებაა, ზუსტად ისევე როგორც ჩემი და სააკაშვილის უფლებაა ერთ ყურში შევუშვათ ეს განცხადებები და მეორედან გამოვუშვათ”, - აღნიშნა ვაშაძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.




