ნინო ვაშაკიძე
პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება
პოლიტიკა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ის საკითხები რომლებიც ბიუროზე გავა, ძირითადად გულისხმობს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, ასევე იქნება საინტერესო ინიციატივები რატიფიცირებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე სასესიო კვირაში საკმაოდ აქტიურად და ნაყოფიერად ვიმუშავებთ.
მნიშვნელოვანია რომ პირველი სექტემბრიდან, უკვე ძალაში შედის ბავშვთა უფლებების კოდექსი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელზეც იმუშავა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა
რეგლამენტის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, პირველ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება, თუმცა მანამდე, 31 აგვისტოს ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომელზეც ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება ინიცირებული, მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების.
იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის გაგრძელებას ვადების დაცვით გეგმავს. ამ მიზნით, პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება. საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ, რადგან პირველ ოქტომბერს პარლამენტს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც წესისამებრ, საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს.





