„ლელომ“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკა

ფოტო: „ლელო“
პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა.
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მასშტაბით 25 მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა, კონკრეტულად, იმერეთის რეგიონში კი მოსახლეობას 4 კანდიდატი წარუდგინა, მათ შორის სამი ქალია.
როგორც პარტიაში აცხადებენ. ისევე, როგორც თბილისში, რეგიონებშიც „ლელოს“ ახალი სახეები ჰყავს მაჟორიტარ დეპუტატებად დასახელებული. ლელოს გუნდში კანდიდატებს შორის ბევრი საინტერესო სახეა, მათ შორის იმერეთშიც, სადაც „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე, ანა ბიბილაშვილი და ანი მიროტაძე არიან:
„1. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.
2. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.
3. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.
4. თორნიკე ართქმელაძე – სამტრედია, წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურიდიული მიმართულების ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
„ლელოს“ 4 კანდიდატს იმერეთში „ქართული ოცნებიდან“ ამდენივე კანდიდატი დაუპირისპირდება.
ქუთაისის საარჩევნო ოლქში ანა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ზაზა ლომინაძე იბრძოლებს. სამტრედიაში, წყალტუბოში, ხონსა და ვანში თორნიკე ართქმელაძის წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან გივი ჭიჭინაძე იქნება. ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში „ლელოს“ ანი ბიბილაშვილი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ ბეჟან წაქაძე წარმოადგენს. საჩხერეს, ჭიათურასა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში „ლელოს“ წარმომადგენელს, ანი მიროტაძეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პაატა კვიჟინაძე დაუპირისპირდება“- აცხადებენ პარტიაში.





