არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ეზრუნა ადამიანზე, დაეცვა მისი ჯანმრთელობა და უფლებები
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე
ფოტო: ქართული ოცნება
დღეს არის შეხვედრა, სადაც ჩვენ უნდა შევაჯამოთ ის, თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში ერთად - ხელისუფლებამ, თქვენი, საზოგადოების და მოქალაქეების მხარდაჭერით და ასევე ვისაუბროთ მომავალზე, თუ რის გაკეთებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წალკაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უდავოა ის არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“ და ირჩევს ჩვენს გუნდს. ეს პირველ რიგში არის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზოგადოების მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ეზრუნა ადამიანზე, დაეცვა მისი ჯანმრთელობა და უფლებები. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო დაეცვა ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლება, რომლებიც წინა წლებში უხეშად ირღვეოდა და რისკის ქვეშ იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო გაეტარებინა პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივად სწორი საგარეო პოლიტიკა. რით უკავშირდება ეს ყველაფერი წალკას, ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს, რასაკვირველია პირდაპირ კავშირშია. სახელმწიფოს ეს ძირითადი ფუნდამენტური პირობები: მშვიდობა, სტაბილურობა, ზრუნვა ადამიანზე, კერძო სექტორის ხელშეწყობა, ბიზნესის თავისუფლება და ეფექტური სახელმწიფოებრივად სწორი საგარეო პოლიტიკა, ეს არის ის, რაც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ხანდაზმულს თუ ახალგაზრდას სჭირდება საქართველოს ნებისმიერ რეგიონსა თუ რაიონში, ქალაქსა თუ სოფელში, ამ პირობების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღეს ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე გვესაუბრა. სწორედ ამიტომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, თქვენ, ჩვენს მხარდამჭერებს მსურს მადლობა გადაგიხადოთ, ვინაიდან თქვენი მხარდაჭერის გარეშე ამის გაკეთებად შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია ეკონომიკა, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბესთან ბრძოლა.
„2016 წლიდან ჩვენი პრიორიტეტი იყო ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ბრძოლა სიღარიბესთან, ინფრასტრუქტურის განახლება. ეს წლები ასევე თქვენი მხარდაჭერით, თითოეული თქვენგანის ძალისხმევით, თქვენი გადასახადებით, შრომით, ჩვენ შევძელით და ბევრ ადგილზე ინფრასტრუქტურა განვაახლეთ, შევძელით დავხმარებოდით სოფლის მეურნეობას, შეგვექმნა ახალი საწარმოები. რჩება გამოწვევები, ბევრი ოჯახი და ადამიანი სიღარიბის პირისპირ და ჩვენი ამოცანაა მივიდეთ უფრო ახლოს ამ ადამიანებთან, მოვისმინოთ მათი პრობლემები და გადავჭრათ ეს საკითხები უფრო ეფექტურად“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





