კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია
პოლიტიკა

კახა კალაძე
საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რეპერების მხარდამჭერ აქციას Facebook-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია.
"მე მოხარული ვარ, რომ პრემიერმინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს", - ამბობს კალაძე და დასძენს, რომ ნარკოტიკების ჩადება წარსულში უნდა დარჩეს.
პროექტ Birja Mafia-ს წევრებს, რეპერებს მიშა მგალობლიშვილს და გიორგი ქებურიას აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
10 ივნისს, რეპერების მხარდამჭერი აქციები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, რომ მათ იმ ვიდეორგოლის გამო სჯიან სადაც პოლიციელებს აშარჟებენ.
მათ მუსიკოსების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდა და ამისათვის ამ საკითხზე მუშაობის დაჩქარება სთხოვა.
რეპერებს Facebook-ზე სოლიდარობა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმაც.





