გაეროში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა

ფოტო: shutterstock.com
5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „მდგომარეობა საქართველოში“. სხდომის შემდეგ გაეროში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის სახელით, რუსეთ-საქარათველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღრმავებს კონფლიქტს.
„რუსეთის სამხედრო ძალების ხანგრძლივი ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ზიანს აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
— Estonia in UN 🇪🇪 (@EstoniaUN) August 5, 2020
ამასთან, მხარეები მიიჩნევენ, რომ პანდემიის ფონზე ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ჯანმრთელობას რისკს უქმნის რუსეთის მიერ კორონავირუსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთი რეგულარულად უარს აცხადებს მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო ევაკუაციასა და ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. განცხადების ავტორები ასევე უკანონო ბორდერიზაციასა და ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებას გმობენ.
მხარეები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებენ და 2008 წლის 8 აგვისტოსა და 12 სექტემბრის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. აქვე ხაზი გაესვა, რომ 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის მიერ შეირაღებული ძალების დაპირისპირებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას. შეთანხმება ასევე მოუწოდებს მხარეებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებისკენ. წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობის მიმართ და ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვისა და საკუთარ სახლებში მათი უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლების განხორციელების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის თანახმად.




