მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე: ბნელ მხარეს გადავიდა
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: shutterstock.com
გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეზე გადავიდა, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გადაწყვეტილება „ძალა ერთობაშიას“ დატოვების შესახებ.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„არ ვიცი, რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უთანხმოება ოპოზიციაში მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება.
„ის, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვებრძოლოთ და ერთმანეთზე უნდა ვლაპარაკობდეთ, იმის მაგივრად, რომ ვკონცენტრირდეთ ივანიშვილზე, საქართველოს მომავლის პროექტებზე, რა თქმა უნდა, არის, ივანიშვილის თამაში. არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ ბევრი დრო დავხარჯო. არის ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი. ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხებს, რის შემდეგაც საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას დაიწყებს.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა და სტრატეგია "აღმაშენებლის" ექსპერტებმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.
გიორგი ვაშაძის პარტიამ, „ახალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" დატოვა. ის არჩევნებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობისთვის აპირებს ბრძოლას.





