მთავრობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მლნ ლარს გამოყოფს
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ინფექციურ საავადმყოფოს 40 მლნ ლარამდე თანხა გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება. ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ინფექციური საავადმყოფოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, იყო უკიდურესად ეფექტური.
„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ეს მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ ვიმყოფებოდი. ჯანდაცვის სმინისტროს თათბირზე ეს საკითხი რამდენჯერმე აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, დღეს ეს აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. სხვათა შორის, ეს კლინიკური ჯგუფი არა მხოლოდ საქართველოს მდგომარეობას მართავდა, არამედ, ჩვენს პარტნიორებსაც ზოგიერთ შემთხვევაში კონსულტაციებს უწევდა. რა თქმა უნდა, ეპიდემიის რისკების გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ეს გამართული, თანამედროვე კლინიკა. ამისთვის დღეს ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გახარიამ.





