სოფიკო ბერიძე
დეკანოზის ოჯახს პატრიარქთან შეხვედრა ადვოკატების მონაწილეობით სურს
პოლიტიკა

პატრიარქი ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრებს მიიღებს.
პროტოპრესვიტერ გიორგის (ზვიადაძე) ინფორმაციით, უწმინდესი დაკავებული სასულიერო პირის ოჯახის წევრების მისაღებად მზად არის, მაგრამ აუდიენციის ზუსტი თარიღი და დრო უცნობია.
ბრალდებული დეკანოზის ძმა ამბობს, რომ ოჯახს ილია მეორესთან შეხვედრა ადვოკატების მონაწილეობით სურს.
"შესაძლოა უწმინდესს გაუჩნდეს შეკითხვები, რაზეც არ გვქონდეს კონკრეტული პასუხები, ამიტომ არის აუცილებელი ადვოკატების ჩართვა", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.
ილია მეორესთან შეხვედრა ბრალდებულის ოჯახმა მოითხოვა.
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





