დარეჯან ჩხიკვაძე
საკონსტიტუციო სასამართლო კონტრდაზვერვით საქმიანობაზე მსჯელობს
პოლიტიკა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები საგამოძიებო უწყებებს აძლევს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას, კერძოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს. საუბარია ვიდეო-აუდიო-ფოტო თუ ელექტრონულ თვალთვალზე.
დავის საგანს ასევე წარმოადგენს ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთ-ერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო მეორე პიროვნებას ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ აღნიშნული ნორმები კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს. დღეს საქმის სპეციალისტსაც მოუსმენენ. მოწვეულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სულხან გოცაძე.
მოსარჩელე მხარეა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სოფიკო ვერძეული და გურამ იმნაძე.





