პატრიარქი დეკანოზ მამალაძის ოჯახს შეხვდება
პოლიტიკა

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის ნახვას აპირებს. ამის შესახებ, პატრიარქის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა. ინფორმაციას Ipress "TV პირველზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"მე ვიცი, რომ პატრიარქი აპირებს შეხვდეს მამა გიორგის ოჯახს. ის, რაც მამა გიორგისთან დაკავშირებით მიმდინარეობს - გამოძიება, სასამართლო, - ჩვენ ყველა ამით შეწუხებული ვართ.
ეს მთელი ეკლესიისთვის ძალინ მძიმეა და დიდი ტკივილია. არ შეიძლება ჯერ ვისაუბროთ მამა გიორგის ბრალეულობაზე, ყველა ვართ მოლოდინში, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოს მიერ. რის შემდეგ, საპატრიარქო იმსჯელებს", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზოციური პარტიები აპროტესტებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.





