მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ოპოზიცია თავად არის კრიმინალური მენტალობის, ოპოზიცია თავად აგებს გეგმებს დესტრუქციაზე, ოპოზიცია მთავარ საკითხად თავად აყენებს გიორგი რურუას საკითხს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და საქართველოს მომავლის საპირწონედ, სადაც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს მოდელი გაცილებით ჯობს იმას, რითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
„როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, ასეთი წარსულის მქონე ადამიანია, როგორც ვითომ პოლიტპატიმარი, ოპოზიციის მიერ დარქმეული სტატუსით პოლიტპატიმარი, თორემ რეალურად როგორი პოლიტპატიმარია - ალბათ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, მაშინ, ოპოზიცია თვითონ ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. კრიმინალებს, ზოგადად, სჯის სახელმწიფო, კრიმინალურ ოპოზიციას სჯის ხალხი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა.
ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.





