დავით მათიკაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქვეყნისთვის გაღებული ქველმოქმედება მთელ მსოფლიოში უპრეცენდენტოა
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: Facebook
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, მართლაც უპრეცენდენტო მასშტაბისაა და ეს არაერთგზის დაფიქსირდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და არაერთი გამომცემლობის მიერ, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გავლენიან გამოცემა „The Telegraph”-ში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.
„ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება უკვე გლობალური მასშტაბით არის დანახული. საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის გაღებული ქველმოქმედება უპრეცენდენტოა მთელ მსოფლიოში, რისთვისაც მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად, ამ ფონდისთვის შესაბამისი თანხები გაიღო და დაეხმარა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ყოფილი ქარხნის მუშა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია“ - სტატიას ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, სულ მოსახლეზე შეფარდებით ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი ყველაზე მსხვილი დონაციაა პანდემიასთან ბრძოლაში.
ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. რამდენიმე დღის წინ ამ ფაქტს სტატია კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Express-მა მიუძღვნა.




