ნათია სონღულაშვილი
ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო მოდელის შესახებ მიღწეული შეთანხმება შესრულდება
პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი
ფოტო: Facebook
პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე საარჩევნო მოდელის შესახებ მიღწეული შეთანხმება, რაშიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს, „ქართული ოცნების“ მხრიდან შესრულდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მმართველი ძალისა და ოპოზიციის პოლიტიკური შეთანხმება ბოლომდე მივა.
„იცით, რომ დაინიცირებულია ცვლილებები და მას სრულად განვახორციელებთ. რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ გარკვეული პოლიტიკოსების მოწოდებებს. ერთი მხრივ, ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა დაუშვებელია და მე ვეთანხმები სრულად ამ პოზიციას, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი არ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში. თუმცა, ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან საკუთარ პოზიციასვე და ამბობენ იმას, რომ თურმე პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსები უნდა ჩაერიონ სასამართლო სისტემაში და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




