დარეჯან ჩხიკვაძე
22 არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებს
პოლიტიკა

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
22 არასამთავრობო ორგანიზაცია 14 მუნიციპალიტეტის, მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს მიმართავს.
თვითმმართველო ქალაქების გაუქმების საკითხზე განცხადება 5 ქალაქში: თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში ერთდროულად გააკეთეს.
"ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის", - წერია მიმართვაში.
არასამთავრობოები მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლის შესახებაც ლაპარაკობენ, "იმისათვის, რომ საკრებულოებმა უმოკლეს დროში განიხილონ და ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ინიციატივას".
მათი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კანონპროექტის შემუშავების პროცესი საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ჩართულობის გარეშე წარმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის ამ ინიციატივის საჯარო სახალხო განხილვებს ითხოვენ და საკრებულოს წევრებს მოუწოდებენ არ დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას.
"დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები", - წერია მიმართვაში.
მიმართვას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: რეგიონის განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, კივიტას გეორგიკა, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს მედია-კლუბი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, სათემო განვითარების ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი), „საუნჯე“ (ზუგდიდი), საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ევროპის ფონდი და საბჭოთა კვლევის ლაბორატორია.





