ირაკლი კობახიძე: არსობრივად 110/40-ზე ჩამკეტით და 120/30-ზე ჩამკეტით ერთმანეთისგან არ განსხვავდება
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მიღებულსა და ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინა მოდელს შორის არსობრივი განსხვავება არ იყო, უბრალოდ ჩვენ სალაპარაკო არ გავხადეთ თუნდაც ეს მცირე განსხვავება ამ ორ მოდელს შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს მოდელი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სტაბილურობის მომტანი იქნება.
„რეალურად, ის მოდელი, რომელიც ჩვენ მანამდე წარვადგინეთ, ეს იყო 110/-40-ზე ჩამკეტით, არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაზეც საბოლოო ჯამში შევჯერდით. უბრალოდ ის პირვანდელი შეთავაზება ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნაცვლად 30 მაჟორიტარული ოლქისა განგვესაზღვრა 40 მაჟორიტარული ოლქი და უფრო სწორად ჩამოგვეყალიბებინა საზღვრები ამ ოლქების. თუმცა, არსობრივად, 110/40-ზე ჩამკეტით და 120/30-ზე ჩამკეტით ერთმანეთისგან არ განსხვავდება, იმიტომ რომ ზუსტად იგივე შედეგის მომტანია ერთი და მეორე მოდელი მმართველი პარტიისთვის, „ქართული ოცნებისთვის“. აქედან გამომდინარე, არსობრივი განსხვავება არ იყო, უბრალოდ ჩვენ სალაპარაკო არ გავხადეთ თუნდაც ეს მცირე განსხვავება ამ ორ მოდელს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, შეთანხმება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა მისი მიღწევა მარტივი არ ყოფილა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შედეგის მიღწევა. არ იყო ეს მარტივი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა შეგვემუშავებინა ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნებოდა თანაბრად მისაღები სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის.მათ შორის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, ასევე, ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიებისთვის. უნდა ყოფილიყო მისაღები ეს სისტემა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება წაადგება ჩვენი ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს. რას გულისხმობს მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ამ ბმულზე ნახეთ.





