imedi
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქცია დასრულდა
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო.
ამ წუთებში არასამთავრობოები, უფლებადამცველები, ლგბტ პირები და საზოგადოების ნაწილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავდა, ტერიტორიას მიკროავტობუსების საშუალებით ტოვებენ.
გამოცემა "ნეტგაზეთის" ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების და მრევლის ნაწილი კანცელარიის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ ისინი არ შეუშვა.
იმისთვის, რომ აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი გზები ჩაეკეტა და აქციის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ჰქონოდათ.
სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა ჰქონდათ ჩაკეტილი. აქციაზე შესვლა მედიის წარმომადგენლებს და აქციის მონაწილეებს შეეძლოთ.
აქციის მიმდინარეობას სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ.





