პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურებიან
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI / არქივი
ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრების ფასილიტატორები წარმომადგენლები მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
„ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.
დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იყოს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იყოს აცილებული. ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს - ხალხისა და ქვეყნის - საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს





