საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მეორედ სტუმრობს. სომხეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
„მეზობელ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტი. არჩევის შემდეგ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გაიმართა. მეზობლებს შორის ასეთი ინტენსიური ორმხრივი ვიზიტები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომხეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას და საქართველოსთვის სომხეთის მნიშვნელობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილება.
სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.





