პაატა იმნაძე: ნიღბის არასწორად გამოყენება საფრთხილოა
პოლიტიკა

პაატა იმნაძე
ფოტო: Facebook
კარგად უნდა იცოდე როგორ ატარო ნიღაბი - არ უნდა შეცვალო მხარეები და ჯერ ერთ მხრიდან, შემდეგ მეორე მხრიდან არ უნდა გეკეთოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„გინახავთ ბევრი, რომ ხელს მოიკიდებს, ჩამოსწევს ნიღაბს და მერე ისევ გაიკეთებს. ამით რისკი იზრდება, რადგან ამ ნიღაბზე რაც მოხვდა ვირუსები, ხელი რომ მოვკიდე, ხელზე გადმოვიდა. მერე ხელი თვალში ამოვისვი, სახეს შევეხე და შევიტანე ვირუსები კონცენტრირებული ნიღბიდან ჩემივე ხელით. ამიტომაც ნიღბის ტარებას უნდა თავისი არა მარტო წესის ცოდნა, არამედ კარგად გათავისება. მაგალითად, ის აუცილებლად უნდა მოიხსნა ყურების მხრიდან (თასმებით) და არა წინა, სახის მხრიდან. ამიტომაც არის, რომ ძალიან საფრთხილოდ მიგვაჩნია ნიღბის რჩევა მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა იმნაძემ
მისივე განცხადებით, ნიღაბი აუცილებელია სამედიცინო პერსონალისთვის და მათ მუდმივად უნდა ატარონ. "ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი, რადგან წვეთოვანია, ამ შემთხვევაში საკმარისია, თუმცა თუ ექიმი ატარებს რამე მანიპულაციას, თუნდაც ბრონქოსკოპიას, სადაც აეროზოლი შეიძლება წარმოიქმნას, მაგ დროს უკვე საჭიროა რესპირატორი. რა თქმა უნდა კარგია სახის ფარი ექიმისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, რათა დაიცვას თვალების ლორწოვანები", - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.





