პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ
პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე
ფოტო: Facebook
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაგეგმილი მსჯელობის შემდეგ შოთაძის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. უმრავლესობის წევრებმა უკვე განაცხადეს, რომ მას მხარს დაუჭერენ. სხდომა 14:00 საათზე დაიწყება და ცნობილია, რომ ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, მას შესაძლოა, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დაესწროს.
საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.





