ნათია სონღულაშვილი
ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძე თავს დამესხა
პოლიტიკა

ლაშა თორდია
ფოტო: ბელა ზაქაიძე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდია საავადმყოფოშია და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
"ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა“, - განაცხადა თორდიამ.
შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.
აუდიტის სამსახურის უფროსი თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას მერიის იმ მასალებზე დაყრდნობით, სადაც მიწის ჩანაცვლების ეპიზოდში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს.
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2012 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში მართავდა. მისი სახელი უკავშირდება ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებას საკნიდან უკანონო გაყვანაზე. ქართულ სამართალწარმოებაში მერაბიშვილის ბრალდება არ დადასტურდა. მოგვიანებით, მან სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.





